logo
ENG



ეკონომიკის სპეციალისტები: ლარი ისტორიულ მინიმუმზეა, მთავრობა კი პანიკურ რეაგირებაში

18 მარ 202020:20
3 წუთის საკითხავი
 

ლარი ისტორიულ მინიმუმზე და მთავრობა პანიკურ რეაგირებაში - ასე აფასებენ სპეციალისტები და ხელისუფლების ოპონენტები სახელმწიფო სტრუქტურების პასუხის ეროვნული ვალუტის დრამატულ გაუფასურებას. ლარი კორონავირუსთან დაკავშირებული ეპიდსიტუაციის ფონზე ბოლო ორ კვირაში 40 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკი მორიგი ინტერვენციისთის ემზადება და ბაზარზე 40 მილიონი დოლარის გატანას აპირებს.

სპეციალისტების გათვლებით, რეზერვების გაყიდვა გრძელვადიან ეფექტს ქვეყანას არ მოუტანს. უკვე ცნობილია, რომ კოვიდ 19 ეროვნულ ეკონომიკას მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს. დღეს უკვე ოფიციალური პირები იმის თქმასაც არ ერიდებიან, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი დაგეგმილზე ნაკლები იქნება. 

ბოლო 24 საათში ეროვნული ვალუტა კიდევ 10 თეთრით გაუფასურდა და ახლა ისტორიულ მინიმუმზეა. ერთი დოლარის ღირებულებამ 3, 25 თეთრს მიაღწია კომერციულ ბანკებსა და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში. ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც. ერთი ევროს ფასმა 3 ლარსა და 54 თეთრს მიაღწია.

საერთო ჯამში, ბოლო ორი კვირაში ლარი 40 თეთრით არის გაუფასურებული. ეროვნულმა ბანკმა რეზერვის გახარჯვის გადაწყვეტილება მიიღო და ხვალ სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ დოლარს გაიტანს. 

სპეციალისტები ამბობენ, რომ რეზერვის გახარჯვა ეროვნული ვალუტის გამყარებაზე მხოლოდ მცირე ხნით იმოქმედებს, რეალურად კი გაუფასურების ტენდენციას ვერ გააჩერებს. მნიშვნელოვნად არის გაუფასურებული საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ვალუტებიც.

ექსპერტები ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო გაუფასურებას ვარაუდობენ, ამიტომ ხელისუფლებას ურჩევენ აქცენტი მოკლევადიანი ინტერვენციების ნაცვლად, ზოგადი ეკონომიკური ვითარების დასტაბილურებაზე გააკეთოს. შეამციროს გადასახადები და ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს გადახედოს. 

ეროვნული ბანკსა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდში აცხადებენ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებები დაწყებულია. აანონსებენ იმასაც, რომ უახლოეს მომავალში ახალ მაკრო ეკონომიკურ გეგმას წარადგენენ. 

პოლიტიკური ოპონენტები ფიქრობენ, რომ მთავრობა პანიკას აჰყვა და რეზერვების გახარჯვაც ამ პანიკის დროებით ჩასაცხრობად გადაწყვიტა.  

ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება ორი კვირის წინ დაიწყო. მას შემდეგ ყოველდღიურად იზრდება საკვების და მედიკამენტების ფასებიც. მოქალაქეებს უძვირდებათ სესხები და უფასურდება ლარის დანაზოგი. გასულ კვირას ეროვნულმა ბანკმა რეზერვიდან 20 მილიონი დოლარი გაყიდა. ხვალ აუქციონზე კიდევ 40 მილიონი გააქვს.


close დახურვა